კონკურსი 2024

გერმანულ-ქართული ურთიერთობების ახალი ფურცელი

თუ თქვენ გინდათ შექმნათ იდეალური და ამბიციური პროექტი დასვენებისათვის, ხელოვნებისათვის, ხალხის თავშეყრისათვის, რა ადგილს შეარჩევდით ამისათვის?

ალბათ იფიქრებდით ტერიტორიის იდეალურ სატრანსპორტო და საფეხმავლო მისაწვდომობაზე, ინტენსიურად გამწვანებულ და მიმზიდველ ლანდშაფტზე, ან  მომიჯნავე ტერიტორიების ისტორიულ განაშენიანებაზე, სადაც განსაკუთრებული ძალით შეიძლება გამოვლინდეს კავშირი ძველსა და ახალს, ხელოვნურსა და ბუნებრივ გარემოს  შორის.

თუმცა   უნდა გაგაკვირვოთ: საკონკურსო ტერიტორია თქვენს საოცნებოს სრულიადაც არ ჰგავს, შეიძლება ითქვას, მისი საპირისპიროცაა და ეს არის სწორედ კონკურსის მთავარი გამოწვევა.

ჩვენს მიერ შერჩეული  ადგილი მხოლოდ თავისი ეკონომიკური თუ კულტურული აღორძინებისა და განვითარების   მოლოდინშია.  დღეს ის გაუნაშენებელი, დაუსახლებელი და შეიძლება ითქვას, თითქმის უდაბურია. რეგიონი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას: მისგან მოშორებით გადის ტურისტული, მათ შორის ღვინის, თუ აგროტურიზმის მარშრუტები და ტურისტების ყურადღების მიღმაა, მიუხედავად იმისა, რომ მდიდარია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. ადგილობრივი ახალგაზრდები დასაქმების, პროფესიული , თუ სულიერი განვითარების შესაძლებლობებს მოკლებული არიან, რაც  სოფლების მოსახლეობისაგან დაცლის უმთავრესი მიზეზია.

ვფიქრობთ, კონკურსის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულ პროექტს ახალი მიზიდულობის ცენტრის შექმნისა და რეგიონის განვითარების სტიმულირების დადი პოტენციალი ექნება. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტი ადგილობრივი საზოგადოების დიდ ინტერესს გამოიწვევს

ვფიქრობთ, გამოწვევას არქიტექტორებიც გამოეხმაურებიან. ველით ბუნებრივი გარემოს, საერთაშორისო არქიტექტურული ტენდენციების, ადგილობრივი არქიტექტურული ტრადიციების და ეროვნული, თუ საერთაშორისო ზოგადკულტურული კონტექსტის მიმართ მგრძნობიარე საპროექტო წინადადებებს.

ჩვენ, კონკურსის ორგანიზატორები კომპანია კნაუფ გიფსი  ვიმედოვნებთ, რომ კონკურსი კიდევ ერთი ფურცელი იქნება ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.

გიორგი ჯაფარიძე

კნაუფ გიპს თბილისის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი

   

პროექტის ძირითადი მიზნები:

  • ადგილის მნიშვნელობისა და პოტენციალის წარმოჩენა;
  • ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც იქცევა ადგილობრივი საზოგა­დოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტად და ერთ-ერთ ცენტრად მის ყოველდღიურობაში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური ჩართუ­ლობის მეშვეობით;
  • ადგილის როგორც სამოქალაქო, ასევე კულტურული მნიშვნელობის გაძლიერება;
  • ადგილის სამოქალაქო, კულტურული, ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის ჰარმონიაში მოყვანა;
  • სოციალური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინება;
  • წელიწადის ყველა დროს, 365 დღის განმავლობაში დატვირთული მოქნილი კომპლექსის შექმნა, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების   მასპინძლობა;
  • ისეთი მდგრადი მიზიდულობის შექმნა, რომელიც გააძლიერებს ადგილის, როგორც კულტურის კერის  აღქმას, რაც ადგილის იდენტობას დამატებით შესძენს ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულთა ნავსაყუდელის მნიშვნელობას გამოფენების, შეკრებების , სემინარებისა და ვორკშობების, ხალხური ფესტივალების, სასმელებისა და ადგილობრივი სამზარეულოს ფესტივალების და სხვ. მეშვეობით;

კონკურსის ორგანიზატორი ეძიებს ისეთ არქიტექტურულ გუნდს, რომელიც შეძლებს  გამოავლინოს განსაკუთრებული ნიჭი და შემოქმედებითი უნარი;

  • შექმნის გამორჩეულ, თანამედროვე და გარემოს მიმართ მგრძნობიარე პროექტს;
  • სწორად აღიქვამს და გაიგებს ადგილის  ეროვნულ და საერთაშორისო ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და მის საზოგადოებრივ-სამოქალაქო კონტექსტს
  • გაიაზრებს ცენტრის ყველა პოტენციურ გამოყენებას და მომხმარებელს, სიცოცხლეს შთაბერავს ადგილს.